|
ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების კონგრესი - 2004 |
|
2002 წლის 28 აგვისტოს – 1 სექტემბერს ქ. მიუნხენში (გერმანია) ჩატარდა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების XXVI კონგრესი. ამ კონგრესს დაესწრო 19.000-ზე მეტი დელეგატი. საქართველოდან კონგრესის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი, პროფ. ვ. ჭუმბურიძე; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო პრეზიდენტი, პროფ. ბ. ქობულია; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მდივანი, მედ. მეც. კანდიდატი ი. ჯაში; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების გამგეობის წევრები – პროფ. მ. მამაცაშვილი, პროფ. ი. მეგრელაძე; საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრები: მედ. მეც. კანდიდატები – თ. კიკალიშვილი, დ. მალიძე, ა. მელია, ს. ორჯონიკიძე, შ. პეტრიაშვილი, ე. ცეცხლაძე, ზ. ჩაფიჩაძე; ექიმები – მ. გაბისონია, პ. ქავთარია. ევროპის კარდიოლოგთა კონგრესის პროგრამა მოიცავდა მრავალფეროვან სიმპოზიუმებსა და სესიებს პრაქტიკული კარდიოლოგიის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა საკითხს - “დიაბეტი და გული”. საექსპერტო ჯგუფის დასკვნის შედეგად წლევანდელი კონგრესის პროგრამაში წარდგენილი 8557 ნაშრომიდან ჩართულ იქნა მხოლოდ 2680 ნაშრომი. ეს ნაშრომები მოიცავენ ინფორმაციას თანამედროვე კარდიოლოგიის მთავარ მიმართულებების შესახებ. პირველად ჩატარდა ელექტრონული პოსტერების სესია, ამასთანავე პროგრამაში განსხვავებული სიმბოლოებით იქნა აღნიშნული კლინიკური და ექსპერიმენტული ნაშრომები. წელს საქართველოდან კონგრესის სამეცნიერო პროგრამაში შეტანილი იყო ნაშრომი: “კარვედილოლის მოქმედება თირკმლის ფუნქცია და ჰემოდინამიკაზე გულის უკმარისობის დროს”, - ავტორები: ი. ჯაში, ბ. ქობულია. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ლექციები ჩატარდა კლინიკურ კარდიოლოგიაში, საბაზისო და პოპულაციურ მეცნიერებებში. საერთაშორისო კლინიკური კვლევების შედეგები წარმოდგენილ იქნა “ცხელი ხაზი”-ს სესიაზე. განხილულ იქნა “INTERHEART”, “ICTUS” “PROVE-II”, “ACTION”, “RIO”, “JUMBO”, “GAMI”, “ACES” და სხვა კლინიკური კვლევების შედეგები. 30 აგვისტოს ჩატარდა ასამბლეა, არჩეულ იქნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ახალი პრეზიდენტი. თითქმის ყოველდღიურად ტარდებოდა სესიები, რომელიც ეძღვნებოდა “ევროპის გულის კვლევა”-ს (Euro Heart Survey). განხილული იყო კვლევების შედეგები: დიაბეტი და გული, სტენოკარდია, წინაგულოვანი ფიბრილაცია. ამ კვლევებში მონაწილეობდნენ საქართველოს კლინიკები. დაიგეგმა მომავალი კვლევების: მწვავე კორონარული სინდრომი-II, გულის უკმარისობა-II, - ჩატარება. 31 აგვისტოს შედგა დაჯილდოვების ცერემონია. არჩეულ იქნა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ახალი საპატიო წევრები – ექიმები და ექთნები. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებამ წელს შეიმუშავა რამოდენიმე ახალი რეკომენდაციის (“ორსულთა გულსისხლძარღვთა დაავადებების მენეჯმენტი”, “წინაგულოვანი ფიბრილაციით ავადმყოფთა მენეჯმენტი”, “ნეონატალური ელექტროკარდიოგრამის ინტერპრეტაცია”, “სუპრავენტრიკულური არითმიებით ავადმყოფთა მენეჯმენტი”, “ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია”, “ანტიაგრეგანტების გამოყენება ათეროსკლეროზული გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს”) ეგრეთ წოდებული “ჯიბის” ვარიანტები. კონგრესზე ყოველდღიურად გამოდიოდა გაზეთი “Congress News”, სადაც განხილული იყო ყველა ჩატარებული სხდომის საინტერესო შედეგი. |