|
იცხოვრა
უზადოდ
და
სამაგალითოდ |
![]() მოულოდნელად წავიდა ჩვენგან ნუგზარ ტატიშვილი. სამედიცინო საზოგადოებამ გონს მოსვლაც ვერ მოასწრო აღექვა პერმანენტულად შრომასა და მოძრაობაში მყოფი პიროვნების, საქართველოში სამედიცინო მეცნიერების განვითარებისათვის დიდი მზრუნველის, ექიმის, პედაგოგის, მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის მაჯისცემის შეწყვეტა. როგორც სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, ქართველ ექიმთა სამჭედლომ – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დიდი დანაკლისი განიცადა. ყოველთვის ქვეყნის სამსახურში მზადმყოფი უწყვეტად ამდიდრებდა მას მომავალი ექიმებისათვის, სტუდენტი ახალგაზრდობისათვის აუცილებელი საჭიროების მქონე ახალი ინფორმაციით. ბატონი ნუგზარის მიერ თერაპიის დარგში შექმნილი დიდტანიანი სახელმძღვანელოები ამის უბადლო მაგალითია და ასეთი სახელმძღვანელოებისათვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპრემიო კომიტეტმა ბატონ ნუგზარს ილარიონ მკურნალის სახელობის პრემია მიანიჭა. ის იყო მრავალი სამეცნიერო პერიოდული გამოცემისა და სამეცნიერო კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი და აქტიური თანამშრომელი. ცალკე უნდა ითქვას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ ნუგზარ ტატიშვილის სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოების თავმჯდომარეობის შესახებ. ის პირადად ეცნობოდა საჯარო პაექრობისათვის წარმოდგენილ ნაშრომს, პრინციპულობას იჩენდა მის წინასწარ განხილვაში და ყველა შემთხვევაში აღწევდა კონდიციას, რომლის შემდეგაც ნაშრომი აკმაყოფილებდა სეს-ის მოთხოვნებს. ამიტომაც ითვლებოდა, რომ პროფესსორ ნუგზრ ტატიშვილის ხელმძღვანელობით მომუშავე საბჭოები უზადო და სამაგალითო იყო. ბატონი ნუგზარ ტატიშვილი იყო მამის, გამოჩენილი ქართველი პათოლოგანატომის, ექიმთა მრავალი თაობის აღმზრდელის, აკადემიკოს ირაკლი ტატიშვილის კვალზე მრავალი პერსონა, რომელსაც თავისი იმპოზანტობის გამო ვერავის შეჰკადრებდა უარს ამა თუ იმ საქმის წამოწყებისა და მისი წარმატებით განხორციელების თაობაზე. ის იყო დიდი ქართველი ექიმისა და მოაზროვნის, სახცელგანთქმული საზოგადო მოღვაწისა და პედაგოგის ლევან ანჯაფარიძის უახლოესი ნათესავი და მისი ტრადიციების სრულიად გამზიარებელი. ბუნებრივია, ასეთი დიდი სკოლების წარმომადგენლის ნუგზარ ტატიშვილის სულიერ მოთხოვნილებას შეადგენდა ის, რომ თერაპიის კათედრები, რომლებსაც ის განაგებდა, აღჭურვილი ყოფილიყო საერთაშორისო სტანდარტების დონეზე. უფრო მეტიც, უცხოეთის ქვეყნებში მიწვევის ან მივლინების დროს, ის საზღვარგარეთელ მეგობრებს აწვდიდა სიახლეებს, რომლებიც შემდეგ მათთვის სახელმძღვანელო ხდებოდა, საერთაშორისო სივრცეში ვრცელდებოდა და საერთაშორისო რეზონანს ღებულობდა. ბატონი ნუგზარის სამარადისო განსასვენებელ ადგილამდე მისაცილებლად მობრძანდა არა მარტო ექიმთა საზოგადოება, არამედ ინტელიგენციის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და კუთხიდან. ეს იყო ბატონი ნუგზარის მიმართ დიდი პატივისცემისა და სიყვარულის, მადლობისა და ერთგულების გამოხატვა. თანამედროვეებს გაგვიძნელდება ბატონი ნუგზარის გარეშე ცხოვრება და მოღვაწეობა. რაც შეეხება იმ ნათელ კვალს, რომელიც პროფესორმა ნუგზარ ტატიშვილმა დატოვა, იმდენად კაშკაშაა, რომ ჩაქრობა არ უწერია. |
|
|