თავფურცელი

100 წელი ჰერმან ნოთნაგელის გარდაცვალებიდან

ხ. პაჭკორია, რ. შენგელია, ე. ადამია, ნ. კეკელიძე, ქ. სულაბერიძე
თსსუ-ს მედიცინის ისტორიის კათედრა,
თსსუ-ს ცენტრალური კლინიკა

,,Nur ein guten Mensch kann ein guter Arzt sein” - (მხოლოდ კარგი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ექიმი) – ეს ცნობილი აფორიზმი გერმანელ დიდმკურნალ ჰერმან ნოთნაგელს  ეკუთვნის. მისი ზნეობრივი ნიჭიერება სრულ ჰარმონიაში იყო ზოგად მაღალნიჭიერებასთან.

მაღალი ზნეობა კაცობრიობის ისტორიაში ბევრს უქადაგია, მაგრამ ძალზე მცირე მათგანს უცხოვრია მისი კრიტერიუმებით. ამის ნათელი მაგალითია რომაელი ფილოსოფოსი და მორალისტი სენეკა, რომელიც პირად ცხოვრებაში გამოირჩეოდა უზნეობით, ხრიკებით და ინტრიგებით. მან გამოზარდა მომავალი კეისარი ნერონი, რომელიც ნამდვილ ურჩხულად მოევლინა რომს. სენეკა თავის აღსაზრდელს ბავშვობიდანვე შთააგონებდა აზრს, რომ ის (ნერონი) იყო უდიდესი მბრძანებელ-მონარქი, უნიჭიერესი პოეტი. მსახიობი, სარდალი და ასე განსაჯეთ სწორუპოვარი ცხენოსანი, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული და მრავალი სხვა. სენეკას წაქეზებით ნერონი თავდავიწყებით გადაეშვა გარყვნილების მორევში, დაუფარავად აუპატიურებდა საკუთარ დედას და ღვიძლ დებს, არც სოდომ-გომორულ კავშირებს ერიდებოდა. ,,ზნეობრივი წერილები~-ის ავტორ სენეკას დაბეზღებით ნერონმა მრავალი უდანაშაულო რომაელი მოქალაქე სიკვდილით დასაჯა. სისხლით შეზარხოშებულმა იმპერატორმა არც თავისი აღმზრდელი დაინდო და მკვლელები მიუგზავნა. სენეკამ დაასწრო ნერონს და ვენების გადაჭრით ,,თავს უშველა~.

დიდმა ფილოსოფოსმა და განმანათლებელმა ჟან-ჟაკ რუსომ დაწერა უზარმაზარი, 3 ტომიანი ტრაქტატი აღზრდის შესახებ. თვითონ კი ეს ტრაქტატი საკუთარ 4 შვილს თავისებურად მიუყენა – მან თავი არ შეიწუხა მათი აღზრდით და Oოთხივენი ჩააბარა უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში?! სამწუხაროდ კაცობრიობის ისტორია აღსავსეა მსგავსი სამარცხვინო მაგალითებით. საბედნიეროდ იშვიათად გამოჩნდებიან ღვთაებრივი მადლით ცხებული ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი ნაქადაგევი, მაღალზნეობრივი პრინციპებით. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია გენიალურ ექიმს ჰერმან ნოთნაგელს. ის დაიბადა 1841 წლის 28 სექტემბერს პრუსიაში, ბრანდენბურგის პროვინციაში, ალტ-ლიტცეგიორკეში. პრაქტიკოსი ექიმის ოჯახში. 1859-63 წლებში სწავლობდა ბერლინის ფრიდრიხ ვილჰელმის სამხედრო-სამედიცინო ინსტიტუტში. აქ მას ასწავლიდნენ მსოფლიოში სახელგანთქმული მედიკოსები – ლუდვიგ ტრაუბე და რუდოლფ ვირხოვი, 1853 წლის 6 აგვისტოს მოიპოვა მედიცინის დოქტორის დიპლომი. 1855-68 წელს იგი მუშაობდა კიონისბერგში, ერნსტ ლაიდენის (1832-1910) კლინიკაში, ასისტენტის და შემდეგ კი დოცენტის თანამდებობაზე. აქ ჩაისახა დიდი მაგობრობა მასწავლებელსა და მოწაფეს შორის. რაც 40 წელი გაგრძელდა. როგორც სამხედრო ექიმი და შინაგანი მედიცინის დოცენტი ჰერმან ნოთნაგელი მონაწილეობს პრუსია-ავსტრიის ომში 1866 წელს. 1868-70 წლებში იგი მუშაობს ბერლინის სამხედრო ჰოსპიტალში და თერაპიულ კლინიკაში. 1870 წელს მონაწილეობდა გერმანია-საფრანგეთის ომში  სამხედრო ჰოსპიტლის უფროსად შალონ-სურ-მარნაში. აქ მან სამედიცინო სამსახურის კარგად წარმართვისათვის მიიღო რკინის ჯვარი. 1872 წელს ჰერმან ნოთნაგელი მიიწვიეს ფრაიბურგის უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიკლინიკის და წამალთმცოდნეობის (ფარმაკოლოგიის) კათედრის ორდინარულ პროფესორად. აქ იგი შეხვდა შინაგანი მედიცინის დიდოსტატს, ადოლფ კუსმაულს, რომელმაც ძლიერ მოხიბლა. ფრაიბურგში ჰერმან ნოთნაგელმა როსბახთან ერთად გამოაქვეყნა ორიგინალური სახელმძღვანელო წამალთმცოდნეობაში. ამ წიგნში ნოთნაგელი წარმოჩინდება არა როგორც თეორეტიკოსი მედიკოსი, არამედ კლინიკური ფარმაკოლოგი. ნოთნაგელმა საფუძვლიანად შეისწავლა ნაწლავებზე ოპიუმის მოქმედება. ამ შრომამ სპეციალისტების დიდი ყურადღება მიიპყრო. საყურადღებოა მისი დაკვირვებები სანარკოზე ნივთიერების ქლოროფორმის და ეთერის ტოქსიკურ ზემოქმედებაზე. მის მიერ პირველად გამოვლინდა შინაგანი ორგანოების, განსაკუთრებით გულის ცხიმოვანი გადაგვარება. ნოთნაგელმა პირველად აჩვენა, რომ არ არის პარალელიზმი მორფოლოგიურ დაზიანების ხარისხსა და გულის ფუნქციურ მოშლილობას შორის. ამ ნაშრომში ნოთნაგელი შეეკამათა თავის მასწავლებელს. ამ ნაშრომში ნოთნაგელი შეეკამათა თავის მასწავლებელს რუდოლფ ვირხოვს, რომელმაც შემდეგ დაადასტურა მოწაფის მიერ მიღებული ფაქტების სისწორე. ამავე პერიოდში ნოთნაგელი აქვეყნებს კაპიტალურ ნაშრომებს ვაზომოტორული ნევროზებისა და სტენოკარდიის შესახებ. ნოთნაგელი ხშირად იმეორებდა რომ ,,ბუნება უდიდესი მკურნალია, მას გააჩნია ავადმყოფობის მკურნალობის ყველა საიდუმლო. ჩვენი ამოცანაა მოვძებნოთ ეს საიდუმლოებები. როცა ჩვენ მოვძებნით მათ, ამით ხელს შეუწყობთ ავადმყოფების გამოჯანმრთელებას, მაგრამ თუ ჩვენ წავალთ ბუნების კანონების წინააღმდეგ, ამით პაციენტს მხოლოდ ზიანს მივაყენებთ.

1874 წელს უკვე ცნობილ მეცნიერს, ნოთნაგელს ირჩევენ იენის უნივერსიტეტის თერაპიული კლინიკის დირექტორად. სადაც მან 1882 წლამდე დაჰყო. ამ პერიოდში მან გამოსცა სახელმძღვანელო ,,თავის ტვინის დაავადებათა ტოპიკური დიაგნოსტიკა~. წიგნმა დიდი ყურადღება მიიპყრო. მასში აისახა ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მკურნალის უდიდესი კლინიკური გამოცდილება (წიგნში წარმოდგენილი კლინიკური მასალა მოიცავდა რამდენიმე ათასი ავადმყოფის გამოკვლევების შედეგებს) ნოთნაგელის ეს წიგნი მიჩნეული იყო საუკეთესოდ კლინიკურ მედიცინაში.

1882 წელს ნოთნაგელი აირჩიეს ვენის საუნივერსიტეტო თერაპიული კლინიკის დირექტორად. ამ თანამდებობაზე მან დაჰყო სიკვდილამდე. 1905 წლამდე. ნოთნაგელის ბიოგრაფები თვლიან, რომ ვენის პერიოდი საუკეთესო იყო მის ცხოვრებაში. ნოთნაგელმა ძირფესვიანად შეცვალა კლინიკის მუშაობა. ამიერიდან მთავარი ყურადღება დიაგნოსტიკასთან ერთად დაეთმო მკურნალობის საქმეს მან წინამორბედი ხელმძღვანელების განქიქებით როდი წარმართა მუშაობა, რითაც კლინიკის ძველი თანამშრომლების პატივისცემა დაიმსახურა. ნოთნაგელი ხშირად იმეორებდა, რომ ავადმყოფს უფრო აინტერესებდა მკურნალობის შედეგები, ვიდრე დიაგნოზი და თეორიული საკითხები. ნოთნაგელი ხშირად მადლიერებით იგონებდა ტრაუბეს, რომელმაც მას კლინიკური ფარმაკოლოგიის სიყვარული ჩაუნერგა. დიდი მასწავლებლის წყალობით, ნოთნაგელი ეზიარა წამალთმცოდნეობის უძნელეს ხელოვნებას. მას ბადალი არ ჰყავდა ავადმყოფის მკურნალობის ხელოვნებაში. ეს შეუმცდარი ინტუიციით იგრძნეს ავადმყოფებმა, ექიმებმა, სტუდენტებმა. ვენის I თერაპიულ კლინიკას მოაწყდა უამრავი ავადმყოფი. ნოთნაგელი უანგარო მკურნალი იყო. იგი ჰონორარს ჯიბეში არ იტოვებდა - იქვე გადასცემდა ღარიბ უქონელ ავადმყოფებს. ნოთნაგელთან მოეშურებოდნენ სნეულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. ის ცნობილი იყო, როგორც „საბოლოო დიაგნოზის“ დამდგენი თერაპევტი. მან გამოთვალა, რომ 40 წლის განმავლობაში გაუსინჯავს 800 ათასი ავადმყოფი, რომელთა უმეტესობა არ იყო შეძლებული და ხშირად გზის ფულიც კი არ ჰქონდა (უკან დასაბრუნებელი). ოჯახურ ცხოვრებაში გამწარებულმა ნოთნაგელმა (მას ადრე მოუკვდა მეუღლე, ხოლო მოგვიანებით ერთადაერთი ვაჟი) მთელი ყურადღება გადაიტანა ავადმყოფებზე და სტუდენტებზე. მათზე მამაშვილურ ზრუნვას იჩენდა. სახლში გული არ უჩერდებოდა. მთელმა ვენამ იცოდა, რომ ღვთაებრივი მკურნალის ნახვა შეიძლებოდა კლინიკაში და იშვიათად ბინაზე. იგი უარს არავის ეუბნებოდა დახმარებაზე ყველა ექიმს შეეძლო მოეწვია ნოთნაგელი საკონსულტაციოდ. სამკურნალო საქმის შესანიშნავად წარმართვამ გაადვილა პედაგოგიური მუშაობა. მანამდე სტუდენტი - მედიკოსები თავს არ იწუხებდნენ სწავლით _ იშვიათად ესწრებოდნენ ლექცია-პრაქტიკულ მეცადინეობებს, ხმაურობდნენ, ბანქოს თამაშობდნენ, თამბაქოს ეწეოდნენ, უხამს ანეკდოტებს ხმამაღლა ჰყვებოდნენ. პედაგოგებს დასცინოდნენ, სვამდნენ, ხშირად დუელში იწვევდნენ ერთმანეთს, პოლიციაც შეწუხებული იყო მათი უზნეობით, დებოშით.

ნოთნაგელის მოსვლისთანავე ავადმყოფების მოზღვავებამ სტუდენტების გაკვირვება გამოიწვია, მათ ცნობისმოყვარეობა გაუღვივდათ, შეატყვეს, რომ ახალი პროფესორი არ ჰგავდა სხვებს, რომ ფორმით და შინაარსით უჩვეულო ლექციები იკითხებოდა. ტკბილხმოვანი მეტყველება თითქოსდა არამიწიერს, ღვთაებრივს გამოსცემდა. გერმანული ენა ნოთნაგელის ბაგეებიდან მელოდიური, მოცარტის ჰანგებივით საამოდ მოსასმენი ხდებოდა. ნოთნაგელის შინაარსით და ფორმით მდიდარი ლექცია სტუდენტებს მეტად იზიდავდა. „მისი ერთი ლექციიდან ჩვენ უფრო მეტს ვიგებდით, ვიდრე მავანთა ერთწლიანი კურსის მოსმენისაგან“- ხშირად იმეორებდნენ სტუდენტები.

შესანიშნავი იყო ნოთნაგელის კლინიკური შემოვლები. იოანე ნათლისმცემელივით გასხივოსნებული პროფესორი მოსიყვარულე მამასავით გამოჰკითხავდა ავადმყოფს თავის სატკივარს. გულდასმით გასინჯავდა. მკურნალ ექიმს და სტუდენტს ალერსიანად გამოჰკითხავდა ავადმყოფის შესახებ. მას არ ახასიათებდა ამპარტავნება. მისთვის უცხო იყო გაბრაზება, ყვირილი, განრისხება და სხვა. მზრუნველი მკურნალი ვერ იტანდა უხეშ მიმართვებს, კლინიკის თანამშრომლებს შორის, უქნარობას, ჭორაობას, ქიშპობას, ხრიკებს, ავმეტყველებას და სხვა. მის გვერდით სხვა ადამიანები თითქოსდა მასავით სათნონი ხდებოდნენ, თითქოსდა სიკეთის ფლუიდები გადაეცემოდათ მათ.

ჰერმან ნოთნაგელი ხშირად ამბობდა, რომ ურჩევნია უყვარდეთ იგი როგორც მკურნალი, ვიდრე პატივს მიაგებდნენ მეცნიერული მიღწევების გამო. ნოთნაგელის სიდიადე ყველაზე უფრო მეცნიერებაში გამოვლინდა. 1884 წელს მან გამოაქვეყნა მონოგრაფია ,,ნაწლავის ფიზიოლოგია და პათოლოგია“. ეს იყო სავსებით ორიგინალური ნაშრომი, რომელიც მოიცავდა ავტორის საკუთარ გამოცდილებას. სწორედ ამ წიგნმა მოუტანა ჰერმან ნოთნაგელს, შინაგანი მედიცინის ლიდერის სახელი. ამის შემდეგ იგი აირჩიეს 24-ტომიანი სახელმძღვანელოს - ,,შინაგანი დაავადებების კერძო პათოლოგიის და თერაპიის“ მთავარ რედაქტორად. ეს არაოფიციალურად მიუთითებდა ნოთნაგელს უდიდეს აღიარებაზე. ამ მრავალტომეულში მას ეკუთვნის ტომი, რომელიც ეხება ნაწლავის დაავადებებს, რეცენზენტების ერთსულოვანი შეფასებით სწორედ ნაწლავების დაავადების ტომი არის საუკეთესო ამ დიდებულ მრავალტომეულში.

ნოთნაგელმა შექმნა შესანიშნავი კლინიკური სკოლა ინტერნისტებისა და გასტროენტეროლოგებისა (ჯაკში, პამერშლეგი, მანაბერგი, ლორენცი და სხვა). ნოთნაგელის მოწაფეთა შორის უნდა დავასახელოთ შემდეგში გამოჩენილი ფსიქიატრი ზიგმუნდ ფროიდი. ნოთნაგელის გულისმიერებაზე მიუთითებს შემდეგი ეპიზოდი: როცა მისმა მოწაფემ ზიგმუნდ ფროიდმა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოაქვეყნა სტატია ,,ბავშვთა სექსუალობის შესახებ~, ვენის სამედიცინო საზოგადოებამ ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყო ახალგაზრდა ექიმს. არავინ არ მიიღო ის სამსახურში, დარჩა ლუკმა-პურის გარეშე. ნოთნაგელმა გაიგო ამის შესახებ და ვაჟკაცურად დაიცვა თავისი ყოფილი სტუდენტი. ნოთნაგელი რამდენიმე წელი თავისი ხარჯებით ინახავდა ზიგმუნდ ფროიდს, აიყვანა რა თავის ასისტენტად. ნოთნაგელს განსაკუთრებით მოსწონდა ფროიდის მიგნებები ნევროზების, ეტიოლოგიის და მკურნალობის შესახებ. მან ყურადღება მიაქცია შეკრულობის გავლენას ნევროზის განვითარებაზე და ფსიქოპათიური ხასიათის გაღრმავებაზე. გამოცდილი ექიმი ნოთნაგელი თავის ხანგრძლივ სამედიცინო მოღვაწეობის დროს შეხვედრია სხვადასხვა ცნობილ ე.წ. ელიტარულ პიროვნებებს, რომლებთაც ჰქონიათ პარანოიდული ხასიათი, შეკრულობა, მისწრაფება ძალაუფლებისადმი და სექსუალური გადახრები.

ჰერმან ნოთნაგელის დიდი მოღვაწეობის შედეგად ვენი თერაპიულმა სკოლამ დაიბრუნა ლიდერის პოზიციები ევროპაში. ნოთნაგელის ყოველი გამოჩენა თერაპევტთა საზოგადოების სხდომებზე, ყრილობებზე უდიდესი მოვლენა იყო. შთამბეჭდავი იყო ნოთნაგელის სიტყვები ბერლინის მსოფლიო მედიკოსთა კონგრესზე 1890 წელს, მან პოეტურად ილაპარაკა კოხის ისტორიულ აღმოჩენაზე. ასევე ბრწყინვალე იყო მისი სიტყვა თავისი მეგობრის და პაციენტის, ქირურგიის ღმერთის თეოდორ ბილროთის გარდაცვალებაზედ 1894 წლის თებერვალში. `მედიცინის ციცერონის~ ყოველი გამოსვლა დიდძალ მსმენელს იზიდავდა და ჰქმნიდა ამაღელვებელ, პოეტურ განწყობილებას. პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში იყო ფრიად კეთილშობილი, ბავშვურად ალალი, მაღალი იდეალების კაცი შილერის და ბეთჰოვენის თაყვანისმცემელი ყველაზე მეტად ადამიანში ჰეროიკულ და რომანტიკულ საწყისებს აფასებდა. ნოთნაგელი წინააღმდეგი იყო, რომ ქალი ექიმი გამხდარიყო, რადგან არ ემეტებოდა ამ მძიმე შრომისთვის ნაზი არსება. ერთხელ მან პალატაში შემოვლის დროს შენიშნა, რომ მედდებს მოკლესახელოებიანი ხალათი ეცვათ და მკლავები მოშიშვლებული ჰქონდათ. უაღრესად კორექტული და დარბაისელი პროფესორი უეცრად გაბრაზდა და ისინი გააგდო პალატიდან და მოსთხოვა მათ გრძელი სახელოებიანი ხალათის ჩაცმა. მისი დახასიათება ჩვეულებრივი ,,საზომებით~ შეუძლებელია. მოწაფეების, სტუდენტების, თანამშრომლების, ავადმყოფების და მეგობრების შეფასებით ნოთნაგელი ,,მრავალსახოვანი~ ადამიანი იყო. ქვემოთ მოგვყავს მისი დახასიათების ცდა – გარეგნულად ნოთნაგელი წააგავდა იოანე ნათლისმცემელს, წერის ნათელი მანერით – ართურ შოპენჰაუერს, ავადმყოფის სიყვარულით – ალბერტს შვაიცერს, ავადმყოფის გასინჯვის ხელოვნებით – ადოლფ კუსმაულს, კლინიკურ ინტუიციით – შარკოს, მკურნალობის ხელოვნებით – ტრაუბეს, პედაგოგიური ნიჭით – ბილროთს, ექსპერიმენტული კვლევით – ვირხოვს და სელიეს.

ჰერმან ნოთნაგელის სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში. 1900 წელს ის და მისი მასწავლებელი ერნსტ ლეიდენი ჩამოვიდნენ თბილისში მას შემდეგ რაც აბასთუმანში გასინჯეს სასიკვდილოდ განწირული გიორგი რომანოვი (იმპერატორ ნიკოლოზ II-ს ძმა, რომელსაც ჰქონდა ფილტვების ტუბერკულოზი, რის გამოც ის აბასთუმანშივე გარდაიცვალა). თბილისში ნოთნაგელმა და ლეიდენმა გასინჯეს ილია ჭავჭავაძე და მოიწვიეს ბერლინში სამკურნალოდ. ილია თავისი პირადი ექიმის ნიკო ჯანდიერის თანხმლებით და დავით სარაჯიშვილის ფინანსური დახმარებით ჩავიდა ბერლინში, სადაც ერთი თვე იმკურნალა ლეიდენის კლინიკაში და პანსიონში. აქ მის ჯანმრთელობას გაუმჯობესება შეეტყო. ნოთნაგელის სახელი არაერთხელ მოჰყავს გამოჩენილ თერაპევტს გივი ბახტაძეს თავის შესანიშნავ დეონტოლოგიურ წიგნში. მას განსაკუთრებით მოსწონდა ნოთნაგელის აზრები ექიმად გახდომის შესახებ. ექიმი ვერ იქნება ბოროტი, შურიანი, ავსიტყვა, ხრიკიანი, ხარბი, მრუში, მამათმავალი, დამბეზღებელი, ორპირა, კარიერისტი და სხვა უზნეო თვისებებით შეპყრობილი ადამიანი. ავადმყოფის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული მკურნალის მძიმე ხასიათზე მის უზნეობაზე და შეკრულობაზე. პროფესორ გივი ბახტაძეს მოჰყვას საგულისმო ცნობები ნაპოლეონის შეკრულობაზე. ხშირად ევროპის ხალხების ბედი კორსიკელი კონდოტიერის ნაწლავების მოქმედებაზე იყო დამოკიდებული, მოხდენილად შენიშნავდა პროფესორი გივი ბახტაძე. 

1905 წლის 6 ივლისი ჩვეულებრივად დაიწყო. ნოთნაგელი ადრე გაეშურა კლინიკაში, გასინჯა მრავალი ავადმყოფი და საღამოს 6 საათზე დაბრუნდა სახლში. დაწვა 11-ის ნახევარზე, დილით ჩვეულებრივ ადრე რომ არ ადგა, მისი მოხუცი და შევიდა მის საწოლ ოთახში, სადაც მისი სათაყვანებელი ძმა მკვდარი იხილა. მაგიდაზე ეგდო ქაღალდი ნოთნაგელის ჩანაწერით, რომელიც მან სიკვდილამდე დაწერა. ნოთნაგელი აღწერს თავისი ავადმყოფობის მოკლე ისტორიას: სტენოკარდიული შეტევები უკიდურესი ძლიერი ტკივილებით მკერდის ძვლის უკან. პულსი შეტევების დროს დროდადრო შენებული 56-60 წთ, შემდეგ გახშირებული 80-90 წთ არითმიული. ამ უკანასკნელი ჩანაწერის რესტროსპექტული ანალიზით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნოთნაგელს განუვითარდა მიოკარდიუმის ინფარქტი, რითმის მოშლით, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. სამწუხაროდ იმ დროს ელექტროკარდიოგრაფია არ იყო შემოღებული, ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკა მხოლოდ 1908 წელს შეძლეს ობრაზცოვმა და სტრაჟესკომ, 1912 წელს კი - ამეიკელმა ჰერიკმა. ამრიგად, ნოთნაგელმა თავისი სიკვდილის აღწერითაც დიდი სამსახური გაუწია მედიცინას. რადგან ეს იყო მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ავადმყოფის შეგრძნებისა და რითმის დარღვევის პირველი აღწერა.

საყვარელი მკურნალის მოულოდნელი გარდაცვალება თავზარდამცემი აღმოჩნდა ვენელებისათვის. ისინი ხმამაღლა გლოვობდნენ სათაყვანებელ ექიმის სიკვდილს. განსაკუთრებით მძიმედ განიცადა ნოთნაგელის სიკვდილი კლინიკურმა მასწავლებელმა და უფროსმა მეგობარმა ერნსტ ლაიდენმა, იგი გაეშურა ვენაში, სადაც დაესწრო მოწაფის დაკრძალვას. ბილროთის შემდეგ ასეთი დიდი პატივით არავინ დაუსაფლავებიათ. მთელი ქალაქი მიაცილებდა საყვარელ მკურნალს, ვენის კლინიკური სკოლის მშვენებას და დიდებას. სამარესთან სიტყვები წარმოთქვეს პაციენტებმა, სტუდენტებმა, ყველაზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა მოხუცი მასწავლებლის ერნსტ ლაიდენის სიტყვები.

ჰერმან ნოთნაგელმა იცხოვრა თავისი საკუთარი აფორიზმით ,,მხოლოდ კარგი ადამიანი შეიძლება იყოს კარგი ექიმი~.

 

თავფურცელი