თავფურცელი

ტუბერკულოზის მედიკო-სოციალური ასპექტები

 . კუპრეიშვილი, . ტორონჯაძე, . ვაშაკიძე, . პაიჭაძე
ტუბერკულოზისა
და ფილტვის დაავადებათა ეროვნული
ცენტრი

 მეოცე საუნის 90-იან წლებში ტუბერკულოზის პრობლემამ მსოფლიოში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. შეიარაღებულმა კონფლიქტებმა, მოსახლეობის მასიურმა იძულებითმა მიგრაციამ, ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუარესებამ, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (შიდსის) ეპიდემიამ ტუბერკულოზით დაავადებული კონტინგენტის მკვეთრი მატება განაპირობა. სოციოლოგიური მაჩვენებლების თანახმად, დღეისათვის დედამიწის მოსახლეობის 1/3 ტუბერკულოზითაა ინფიცირებული. ექსპერტთა პროგნოზის მიხედვით უახლესი ათწლეულის მანძილზე კიდევ 300 მილიონი ადამიანი დაინფიცირდება, 90 მილიონი დაავადდება, ხოლო 30 მილიონი ადამიანი ტუბერკულოზით გარდაიცვლება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯმო) მონაცემებით ოცდამეერთე საუკუნეში მდგომარეობა მსოფლიოში ტუბერკულოზის მხრივ გაცილებით სერიოზული იქნება, ვიდრე მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, როდესაც ტუბერკულოზური ინფექციის გავრცელების პიკი აღინიშნებოდა. განსაკუთრებით საშიში მასშტაბები შეიძინა ამ დაავადებამ განვითარებად ქვეყნებში. ტუბერკულოზით დაავადების შემთხვევათა 95% და ამ ინფექციით გამოწვეული სასიკვდილო გამოსავლის 98% მოდის ყველაზე შრომისუნარიან მოსახლეობაზე (ასაკი 15-50 წელი). სამწუხაროდ, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო ტუბერკულოზის პრობლემა დღეისათვის საქართველოშიც  ძალზედ აქტუალურია. ჩვენში ყოველ 100 ათას მოსახლეზე ახლად რეგისტრირებული შემთხვევების რიცხვი 2003 წლის მონაცემებით 90-ია, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებულთა რიცხვი 100 ათას მოსახლეზე 130- შეადგენს, რაც  არადამაკმაყოფილებელი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელია. საქართველოში ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების დინამიკა ბოლი წლებში წარმოდგენილია გრაფიკზე #1.  შედარებისთვის: ანალოგიური მაჩვენებლები ტუბერკულოზის მხრივ კეთილსაიმედო ქვეყნებში 100 ათას მოსახლეზე 10-15- არ აღემატება. მიუხედავად ამისა ტუბერკულოზისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენენ ისეთი მაღალგანვითარებული ევროპული ქვეყნები, როგორიც ინგლისი და გერმანიაა. 2001 წლის აპრილში ინგლისში დარეგისტრირდა ბოლო ოცი წლის მანძილზე ტუბერკულოზის ყველაზე დიდი აფეთქება-ერთ-ერთ კოლეჯში 50 ტუბერკულოზით ინფიცირებული ბავშვი გამოვლინდა. გერმანიაში კი ტუბერკულოზის მნიშვნელობა ჯანდაცვაში განისაზღვრება სოციალურ-დემოგრაფიული და სამედიცინო ფაქტორებით: ტუბერკულოზის მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნებიდან მიგრანტი მუშახელის მნიშვნელოვანი ნაკადით (თურქეთი, იუგოსლავია, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები), აივ/შიდს-ის გავრცელებით მარგინალურ პირთა მომრავლებით და .. 4,5.

ტუბერკულოზი წარმოადგენს სოციალურ ინფექციურ დაავადებას და ამიტომ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება გარკვეულ წილად ზრდის ტუბერკულოზით დაავადების რისკს.

 ტუბერკულოზის გლობალური საშიშროების ძირითადი მიზეზებია:

•           მოსახლეობის სოციალური დაუცველობა;

•           დაავადებულთა არასრული გამოვლენა, ცუდი დიაგნოზირება და არაეფექტური მკურნალობა;

•           დემოგრაფიული პროცესები (პლანეტის მოსახლეობის ზრდა და ცვლილებები ასაკობრივ სტრუქტურაში);

•           აივ-ინფექციის პანდემიის უარყოფითი გავლენა.

ტუბერკულოზთან ბრძოლის წარუმატებლობის მთავარი მიზეზებია:

•           პრობლემისადმი ქვეყნების მთავრობების არასაკმარისი ყურადღება და სუსტი დაფინანსება;

•           ტუბერკულოზთან ბრძოლის სამსახურის არაადექვატური ორგანიზება და დაბალეფექტური პროგრამები;

•           ვაქცინოპროფილაქტიკის (BCG) შესაძლებლობების გადაფასება.

უკანასკნელ წლებში რუსეთში ტუბერკულოზური ინფექციის გავრცელებაში და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებაში მიგრანტების (ლტოლვილები, იძულებით გადაადგილებული პირები (იგპ), მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირები) როლი მნიშნელოვნად გაიზარდა. ყოველი მერვე ახლადგამოვლენილი ტუბერკულოზით დაავადებული ავადმყოფი მიგრანტია. ეს ციფრი სავარაუდოთ მნიშვნელოვნად მაღალი უნდა იყოს, რადგან მიგრანტთა ნაწილს ტუბერკულოზი გარდაცვალების შემდეგ უდგინდება. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მოსკოვში ჩასულთა წილი ახლადგამოვლენილ ფორმათა შორის 25%-ია. დადგენილია აგრეთვე, რომ ტუბერკულოზის კლინიკური ფორმები მიგრანტებში დაზიანების მეტი ფართობითა და პროგრესირებადი მიმდინარეობით ხასიათდება 2,3.

ცნობილია, რომ დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები წარმოადგენენ ტუბერკულოზის განვითარების მხრივ მაღალი რისკის მქონე ჯგუფს. ამას ხელს უწყობს საომარ მოქმედებებთან დაკავშირებული საცხოვრებელი გარემოს ექსტრემალური შეცვლა, ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ქრონიკული სტრესი, ცხოვრების დონის მკვეთრი დაცემა, დაბალკალორიული დაუბალანსებელი კვება ცილოვანი კომპონენტების დეფიციტით, კონფლიქტური სიტუაციების მრავალმხრივი პრესინგი, ფსიქოლოგიურ სტრესგადატანილი ადამიანების მჭიდრო თანაცხოვრება, სახელმწიფოსა და საზოგადოებისაგან სათანადო ყურადღების არქონა. განსაკუთრებით სათუთი კატეგორიაა ბავშვები, რომელთაც ტუბერკულოზური ინფექციის მიმართ გაცილებით ნაკლები წინააღმდეგობის უნარი გააჩნიათ. პრობლემას ამძაფრებს ტუბერკულოზის მიკობაქტერიების მზარდი მდგრადობა ძირითადი სამკურნალო პრეპარატების მიმართ, რაც გაცილებით ართულებს მკურნალობის პროცესს და ამძიმებს გამოსავალს. ამავე დროს გამოვლენილია წამლებისადმი მდგრადობის განვითარების დამოკიდებულება სოციალურ მდგომარეობასა და ცხოვრების წესზეც.

ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას განსაზღვრავს ინფექციის უცნობი არაკონტროლირებადი რეზერვუარი-რისკის ისეთი სოციალური ჯგუფები როგორიცაა იგპ-ები, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირები, თავისუფლების აღკვეთის ადგილებიდან დაბრუნებული პირები, ვის მიმართაც შემუშავებული არ არის ტუბსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სისტემა და არ არის ასახული სტატისტიკურად 6,7.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულმა და საქართველოში ტუბერკულოზით დაავადებულთა შორის იგპ-თა მნიშვნელოვანმა ხვედრითმა წილმა განაპირობა წარმოდგენილი შრომის მიზანი - თანამედროვე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციში ტუბერკულოზით დაავადების რისკის სოციალური ფაქტორების შეფასება და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დახმარების მიზნობრივი ფორმების შემუშავების საფუძვლების მომზადება.

კვლევა ტარდებოდა ფთიზიტრიისა და პულმონოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში 1997-99 წლებში. გაანალიზებული სკრინინგის (ანკეტირება, ბაცილგამოყოფა, რენტგენოლოგიური კვლევა, ტუბერკულინოდიაგნოსტიკა), მკურნალობის (ეროვნული პროგრამის ფარგლებში, რომელიც ემყარება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებულ QT-სტრატეგიის ძირითად პრინციპებს) და პროფილაქტიკის მეთოდები.

ჩატარებული იყო 110 ტუბერკულოზით დაავადებულ იგპ-თა ერთმომენტიანი ანკეტირება. ავადმყოფები მკურნალობდნენ ჩვენს სტაციონარში აქტიური ტუბერკულოზური პათოლოგიით. ანკეტას ვავსებდით ექიმისა და ავადმყოფის გასაუბრების ფორმით, ზოგიერთ მონაცემს კი ვაზუსტებდით ავადმყოფობის ისტორიით.

გამოკითხულ ავადმყოფთა შორის ფილტვის დესტრუქციული ტუბერკულოზით დაავადებული იყო 9 ავადმყოფი, ფილტვგარეშე (ძირითადად ექსუდატური პლევრიტი) - 20. კლინიკურ ფორმათა სტრუქტურა შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი: ფილტვების დისემინირებული ტუბერკულოზი 23 (25,5%), ფილტვების კეროვანი ტუბერკულოზი 6 (6,7%), ინფილტრატიული ტუბერკულოზი 10 (11,1%), კავერნული ტუბერკულოზი 10 (11,1%),  ფიბროზულ-კავერნული ტუბერკულოზი 41 (45,5%). დაავადება პირველად დაუდგინდა ავადმყოფთა 66,6% (I კატეგორიის ავადმყოფები). მათ შორის მნიშვნელოვან ნაწილს აღენიშნებოდა გავრცელებული დესტრუქციული პროცესი და ბაცილგამომყოფი იყო ავადმყოფთა 70%. გამოკითხულ ავადმყოფებს შორის მნიშვნელოვნად ჭარბობდნენ მამაკაცები. კერძოდ, ავადმყოფთა 80.9% მამაკაცია, 19.1%-ქალი. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდა ტუბერკულოზით დაავადების განსხვავებული სიხშირე. ავადმყოფ მამაკაცთა ასაკობრივ ჯგუფზე 20-30 წლამდე მოდიოდა 24,7%, 30-50 წლამდე 61%, (ყველაზე შრომისუნარიანი ასაკი), ხოლო 61 წლის ზემოთ 1,2%. დაავადების პიკი ქალებში მოდიოდა 24-40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე და შეესაბამებოდა 66,6%. ავადმყოფთა 90% იყო ქართველი, დანარჩენი - სხვა ეროვნების (სომეხი, რუსი, აზერბაიჯანელი).

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საცხოვრებელი ფართის სივიწროვე. ავადმყოფთა დიდი უმრავლესობა (62,7%) აღნიშნავდა ფართობის სივიწროვეს. მათ შორის ერთ სულზე 5კვ.-დე მოდიოდა ავადმყოფთა 53,6%, გაშლილი ფართი-10-15 კვ. სულზე გააჩნდათ 12,72%. მათ შორის უმრავლესობა დაავადებული იყო ტუბერკულოზის ფილტვგარეშე ფორმებით, (პლევრიტი, უროგენიტალური და ძვალ-სახსრის სისტემის ტუბერკულოზი).

ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, რომელიც 1-დან 10-მდე მერყეობდა, უფრო ხშირად გვხვდებოდა 6 წევრიანი ოჯახები- 35%.

დაავადებულთა უმრავლესობა იყო მუდმივი სამუშაოს არმქონე პირი (87,2%). გამოკითხულთა 53.63% დაავადების დაწყებას უკავშირებდა ძლიერ ფსიქიკურ დაძაბულობას, რაც უფრო ხშირად გვხვდებოდა მამაკაცებში (87.5%). დაავადებულ მამაკაცთა შორის ხშირი იყო ტუბერკულოზიც დაავადებულ ავადმყოფებთან კონტაქტიც 70,6%, მაშინ როდესაც კონტაქტს აღნიშნავდა ქალთა 29,0%.

ავადმყოფთა 55,5% ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს, ლოთი  იყო 2,7%, ნარკომანი (წარსულში ან ეხლაც) 5,7%. ავადმყოფთა 54,5% მწეველი იყო (გრაფიკი #3).

დაავადებულთა  შორის გამოვლინდა თანდართული სხვადასხვა ქრონიკული დაავადების რამდენადმე მაღალი სიხშირე. მათ შორის მნიშვნელოვანი ხვედრითი წილი მოდიოდა სასუნთქი ორგანოების პათოლოგიაზე, შაქრიან დიაბეტზე, წყლულოვან დაავადებებსა და ჰეპატიტზე.

დაავადებულ პაციენტთა 10.9% ნამყოფი იყო თავისუფლების აღკვეთის ადგილებში.

მიღებული მონაცემები მიუთითებენ შესასწავლი ფაქტორების არსებით როლზე ტუბერკულოზით დაავადებაში. იმ ფაქტორების სტრუქტურაში, რომელიც ხელს უწყობს დაავადების  ახალი შემთხვევების განვითარებას ყველაზე დიდ ხვედრით წონას შეადგენს არადამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი პირობები, ფსიქოლოგიური სტრესი, მავნე ჩვევები და თანმხლები დაავადებები.

დასკვნა: ჩატარებულმა გამოკვლევებმა დაადასტურეს სოციალური ფაქტორების არსებითი როლი მოსახლეობის ტუბერკულოზით დაავადებაში.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო რაციონალური ღონისძიებების გატარება მოითხოვს ავადმყოფთა შეცვლილი სოციალური შემადგენლობის გათვალისწინებით ტუბერკულოზთან ბრძოლის ორგანიზაციის უფლებრივი ასპექტების შემუშავებას.

ასაკობრივ-სქესობრივი და კლინიკური სტრუქტურის, ასევე იგპ-თა სოციალური სტატუსის შესწავლა შესაძლებლობას იძლევა მათში ტუბერკულოზის გამოვლენისა სათანადო მიდგომების შემუშავებისთვის.

იმის გათვალისწინებით, რომ ერთი ბაცილგამომყოფი ავადმყოფი წლის განმავლობაში საშუალოდ 15 ადამიანს აინფიცირებს, სათანადო ღონისძიებათა გატარება ხელს შეუწყოფს იგპ-თა კონტიგენტის ათასობით ადამიანის დაცვას ტუბერკულოზისაგან.

 

ლიტერატურა::

1.        Стародувов  В. И.  Литвинов В. И.   Туберкулоз у  мигрирющего население и его влиание на епидемическую ситуасию в крупном мегаполисе.  Проблеми туб. 2002  №6,  стр. 5-7.

2.       Коломиец В. М.  Група риска в контигента ИТУ. Структура и тактика наблудения . Пробл туб.  1996  №5, стр. 71-73.

3.        Кучеров А. Л.  Эпидемиологиа туберкулозе в РСФСР на совр  этапе. Пробл туб.  1999  №5 стр. 9-13.

4.       Вартанян Ф. Е. Шаховски К. П. Туберкулёз  проблеми и научные иследованя в странах мира . Проб туб. 2002  №2,  стр. 48-50.

5.        Rajewswari R. Chandrasekaran K. / INT J Tuberc. lung Dis 1997 # 6,  573-575.

6.       Diez E. Evaluation of a social health intervention among homellis tuberculozis patients. Tuberc. lung Dis 1996 #77 3-5.

7.       Hauer B. Loddenkemper R. // INT J Tuberc. And Lung. Dis. 1998 #2  11-194. 

თავფურცელი