თავფურცელი

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცალკეული ტენდენციები

 . ბერია
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის
სამინისტრო

   აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაზე მრავალი უარყოფითი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის, უმთავრესია: ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე, უმუშევრობა და სოციალური მოუწყობლობა; ქრონიკული სტრესების მაღალი დონე; არასრულფასოვანი და არასაკმარისი კვება; ჩასახლების მაღალი სიმჭიდროვე; ხარისხიანი წყლის უკმარისობა, ანტისანიტარია; ხშირად ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვის შეუძლებლობააღნიშნული ფაქტორები ნეგატიურად აისახება დევნილთა ჯანმრთელობის მდგომარეობასა და დემოგრაფიულ პროცესებზე.

აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეთა სოციალური საკითხების დარეგულირებისა და გადაწყვეტის პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცეოდა და ექცევა საქართვლოს მოსახლეობის ამ ფენის ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობაში არსებული სამედიცინო ქსელის მოქმედების არეალში განსახლებულია ქვეყანაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა უმრავლესობა (220-225 ათასის ფარგლებში).

როგორც სისტემის 12-წლიანი ფუნქციონირების შედეგების ანალიზი აჩვენებს, დევნილთა სამედიცინო დაწესებულებები ძირითადად აკმაყოფილებენ იძულებით გადაადგილებულთა ამბულატორიულ-საკონსულტაციო დახმარებაზე მოთხოვნილებას, რითაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ და ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ იძულებით ადგილნაცვალ მოსახლეობას საგრძნობი შეღავათი ეძლევა.

1994-2004 წლებში დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ განხორციელდა 1 მილიონ 770 ათასამდე ამბულატორიულ-პოლიკლინიკური და საკონსულტაციო მიღება (წელიწადში საშუალოდ 150-160 ათასი), რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დაავადებებთან იყო დაკავშირებულიაღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების მიერ დევნილთა სამედიცინო მომსახურების მოცულობა იმდენად მცირეა (წელიწადში საშუალოდ 5 ათასი), რომ მას საერთო სურათზე არსებითი გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვების დინამიკა ასეთია: 1996 წელს აღინიშნა მიმართვების მატება 1994-95 წლებთან შედარებით 20-23%-ით, შემდეგში კი შესაძლებელი გახდა მდგომარეობის ერთგვარად დასტაბილება და 1997 წლისათვის მიმართვების საგრძნობი კლებაც კი აღინიშნა (9,4%-ით), მაგრამ 1998 . მაის-ივნისში გალში მომხდარი ცნობილი მოვლენების შედეგად მიმართვებმა მკვეთრად (19%) მოიმატა, განსაკუთრებით - სამეგრელოს მხარის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებში (37% - 25 ათასით), სადაც  შემდგომში მიმართვების კლების ტენდენცია კვლავ აღინიშნა. 2000-2003 წლებში მოხდა მიმართვების კლება იმერეთის და აჭარის დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებშიც. ჩვენი ვარაუდით, მიმართვების ეს კლება მნიშვნელოვანწილად დაკავშირებული უნდა იყოს სამუშაოს უქონლობასა და მხოლოდ სახელმწიფოს შემწეობით არსებობასთან, რაც განსაზღვრავს დევნილთა აბსოლუტური უმრავლესობის უკიდურესად დაბალ შემოსავლებს, რაც მათ სიღარიბის ზღვარს მიღმა აყენებს. მცირე შემოსავალი, ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები, არასაკმარისი და არასრულფასოვანი კვება, უმუშევრობა კი საბოლოო ჯამში იწვევს პიროვნების სოციალურ იზოლაციას და აქედან გამომდინარე, ექიმთან მიმართვის დაბალ აქტივობასაც. თუმცა პროფილაქტიკური მიმართვების აქტიურმა პროპაგანდამ, რასაც აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო ეწეოდა დაქვემდებარებული დაწესებულებების, აგრეთვე მასმედიის საშუალებებით, განაპირობა დევნილი მოსახლეობის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისადმი ყურადღების მეტად მიპყრობა, რაც აისახა 2004 წლის მიმართვებში – 232 ათასი.

დევნილთა სამედიცინო დახმარებისათვის გატარებული  ღონისძიებების მიუხედავად, დინამიკაში წლების მანძილზე აღინიშნებოდა იძულებით გადაადგილებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია, რაც უწინარეს ყოვლისა, განპირობებული იყო ქვეყნის მოსახლეობის ამ ფენის მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობებით, გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმებით, სტრესების სომატიზაციით.

აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხანგრძლივმა დაკვირვებამ, არსებული ვრცელი დოკუმენტური მასალის შესწავლამ და ანალიზმა აჩვენა, რომ იძულებით გადაადგილებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაში 1993-2004 წლებში გამოიხატა დაავადებიანობისა და ავადობის მაჩვენებლების გაუარესება ომამდელი აფხაზეთის მოსახლეობის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, განსაკუთრებით სისხლის მიმოქცევის (პირველ რიგში, ჰიპერტონიული, გულის იშემიური დაავადებები), სასუნთქ ორგანოთა (განსაკუთრებით, პნევმონიები, ბრონქიტები, ბრონქული ასთმა), ფსიქო-ნევროლოგიური სფეროს და გრძნობათა ორგანოების, საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, შარდ-სასქესო სისტემის, ინფექციური და პარაზიტული დაავადებების მხრივ.

შედარებითი ანალიზი აჩვენებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა შორის დაავადებიანობა და ავადობა (100 000 მოსახლეზე) საშუალოდ 2-2.5-ჯერ და მეტადაც აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებს. ავადობის დინამიკას ასეთი სახე აქვს:

1999 წ.

2000 წ.

2001 წ.

2002 წ.

2003 წ.

2004 წ.

დევნ.

საქ.

დევნ.

საქ.

Dდევნ.

საქ.

Dდევნ.

საქ.

Dდევნ.

საქ.

Dდევნ.

საქ.

27168

(2.7X)*

10095

 

22870

(2.4X)

9733

 

20206

(1.8X)

10975

 

18753

(1.6X)

11692

 

17251

 

13278

(1.3X)

22213

-

-

 

 * - მეტობის კოეფიციენტი

1999 წლიდან დევნილთა და საქართველოს მოსახლეობის ავადობის მაჩვენებლების დაახლოება გამოწვეულია ორი მიზეზით: ) დევნილთა მიმართვიანობის საგრძნობი კლებით და საქართველოს ანალოგიური მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდით; ) ქვეყანაში ავადობის დონის მატებით. რაც შეეხება 2004 წელს, დევნილთა მიმართვების მნიშვნელოვან მატებას მოჰყვა ავადობის მაჩვენებლის საგრძნობი ზრდაც და მან 2000 წლის ნიშნულს მიაღწია.        

სპეციალური კვლევები აჩვენებს, რომ გამოკვლეულ დევნილთა შორის შემთხვევათა 25%-ში ვლინდება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის საწყისი ნიშნები, ხოლო გარდამავალი მოშლისა - თითქმის 50%-ში. გამოვლენილი რისკ-ფაქტორებიდან 49% მოდის ქრონიკულ კომბინირებულ სტრესებზე. ქრონიკული ჰიპერსტრესული მდგომარეობები არის უხშირესი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიებისა, გულის იშემიური დაავადებისა, არაორგანული ჰიპერკინეზებისა, რომელთა დონე დევნილებში გაცილებით მაღალია, ვიდრე ადგილობრივ მოსახლეობაში. აღინიშნება ფსიქონევროლოგიურ პათოლოგიებთან მომიჯნავე მდგომარეობების სტაბილურად მაღალი დონე. დევნილ ბავშვებში ადგილობრივ თანატოლებთან შედარებით მაღალია ანემიების, კრუნჩხვითი სინდრომის სიხშირე, აღინიშნება ჩამორჩენა ფიზიკურ განვითარებაში.

მოზრდილ დევნილთა ავადობის სტრუქტურა ნოზოლოგიების მიხედვით რეგიონების მხრივ საკმაოდ ვარიაბელურია, თუმცა წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ერთი ტენდენცია - აღინიშნება სისხლის მიმოქცევის, სუნთქვის, საჭმლის მონელების სისტემების, ფსიქონევროლოგიური პროფილისა და გრძნობათა ორგანოების დაავადებების სტაბილურად მაღალი ხვედრითი წილი.

სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებებით ავადმყოფების შედარებითი რაოდენობრივი ანალიზი აჩვენებს, რომ პირველად დადგენილი დიაგნოზით აღრიცხულ შემთხვევათა შორის აღინიშნება ჰიპერტონული, გულის იშემიური (ძირითადად, სტენოკარდიის ხარჯზე) და თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების მაჩვენებლების ზრდის ტენდენცია.

    აღსანიშნავია, რომ ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით დაავადებიანობა და ავადობა დევნილებში ბოლო 6-7 წლის განმავლობაში  2.5-ჯერ და მეტადაც გაიზარდა. ეს ზრდა განპირობებულია ამ პროფილის დაავადებებისთვის მეტი ყურადღების მიქცევითა და გამოვლინებით, განსაკუთრებითკომპაქტური ჩასახლებების ობიექტებში. ამასთან, ზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია გრიპის და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ყოველწლიურად ზრდადი რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისში მცხოვრებ დევნილებში. წლიდან წლამდე მატულობსვირუსული ჰეპატიტის რეგისტრირებული შემთხვევები და მისი მაჩვენებელი ბოლო 5 წლის მანძილზე 82.1-დან 98.3-მდე გაიზარდა.

დევნილ ბავშვთა კონტიგენტში წამყვანია სუნთქვის სისტემის, ინფექციური და საჭმლის მონელების სისტემის დაავადებები.  (შესაბამისადავადობის სტრუქტურაში 36,3%; 19,07% და 12,17%). სამეგრელოში განსახლებულ ბავშვთა ავადობაში პირველ ადგილზეა ინფექციური (.. ვირუსული) დაავადებები (37,6%), ასევეა .თბილისშიც (29,7%), იმერეთში ყურადღებას იპყრობს ჰემატოლოგიური (სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების) პროფილის დაავადებების სიხშირე (22,2%), აჭარაში - სუნთქვის ორგანოთა დაავადებების მაღალი ხვედრითი წილი (47,8%). დევნილ ბავშვთა დაავადებიანობა და ავადობა ასევე მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებლებს.

საინტერესოა რეგიონებში პროფილაქტიკური სამედიცინო გასინჯვების (გამსვლელი საექიმო მრავალპროფილიანი ბრიგადების დონეზე) პროცესში მიღებული შედეგები, რომლის ანალიზი აჩვენებს, რომ ამ ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში გამოვლენილ ან კონსულტირებულ ავადმყოფებში ყველაზე მაღალია:

•           სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები – 25-29%;

•           სუნთქვის სისტემის დაავადებები – 19-22%;

•           საჭმლის მონელების სისტემის დაავადებები – 8-11%.

როგორც ანალიზმა აჩვენა, იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობაში ადგილი აქვს სიკვდილობის `გაახალგაზრდავების~ ტენდენციას, განსაკუთრებით მამაკაცებში, რომელთა სიკვდილობა ქალებისას მნიშვნელოვნად (25-27%-ით) აღემატება. სავარაუდოდ, ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მამაკაცები, ქალებისაგან განსხვავებით, უფრო იშვიათად მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, მათში გაცილებით მაღალია არამანიფესტირებული სტრესული მდგომარეობების დონე, აგრეთვე პასუხისმგებლობის შეგრძნება არსებულ რეალობასა და პერსპექტივაზე

 დინამიკაში არსებითი განსხვავება დაფიქსირდა არამარტო დევნილთა ავადობის სტრუქტურაში, არამედ სიკვდილობის მიზეზების სტრუქტურაშიც (მასში მკვეთრად წინ წამოიწია გულ-სისხლძარღვთა და ცერებროვასკულურმა პათოლოგიებმა, ავთვისებიანმა ახალწარმონაქმნებმა და სხვ.) ქვეყნის საერთო მაჩვენებლებთან შედარებით. იძულებით გადაადგილებულთა სამედიცინო დაწესებულებების მიერ რეგისტრირებული საერთო სიკვდილობის სტრუქტურა არაერთგვაროვანია, თუმცა შეიძლება ძირითადი ტენდენციების განსაზღვრა: კერძოდ, .თბილისში განსახლებულ დევნილებში სიკვდილობის მიზეზებში წამყვანია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები _ 62.3%; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა - 18,2%; ავთვისებიანი სიმსივნეებით გამოწვეული ინტოქსიკაცია - 11,5%. იმერეთში ანალოგიური მაჩვენებლები შესაბამისად შეადგენს 42,2%; 35,4%.

დევნილებს სიღარიბის გამო ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სამედიცინო მომსახურების მთელ რიგ სახეებზე. მოსახლეობის ამ ნაწილის უმრავლესობა მომავალში ჯანმრთელობის შემდგომი გაუარესების  რისკის ჯგუფს განეკუთვნება. აღნიშნულის გამო  სულ უფრო უნდა იზრდებოდეს მოთხოვნები სამედიცინო დახმარებაზე. რეალურად კი საპირისპირო სურათთან გვაქვს საქმე: სიღარიბის გამო დევნილთა უმრავლესობა მოკლებულია მაღალტექნოლოგიური და სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობას, რადგან დღეისთვის მოქმედი ჯანდაცვის სახელმწიფო სისტემა უზრუნველყოფს იძულებით გადაადგილებულთა (ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობის მსგავსად) მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას. არსებული ვითარება კვლავაც აქტუალურს ხდის ჯანმრთელობის დაცვის პრობლემას და განაპირობებს სისტემის ფუნქციონირებისადმი ახლებურად მიდგომის საჭიროებას.

 პრაქტიკა ნათლად აჩვენებს, რომ იძულებით გადაადგილებულთა  დევნილთა ჯანმრთელობის საგრძნობ გაუმჯობესებას პრობლემის მრავალფაქტორულობის გამო მარტო ჯანდაცვის სექტორი ვერ შეძლებს. ხელშესახები შედეგების მიღწევა შესაძლებელი იქნება მხოლოდ პრობლემებისადმი კომპლექსური მიდგომის, მულტი-სექტორული თანამშრომლობის პირობებში; ერთდროულად სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს სოციალურ-ყოფითი და სხვა პრობლემების გადაწყვეტასაც.

თავფურცელი