თავფურცელი

დეპრესია, შფოთვა და ფიქსირებული განწყობის ტიპები აორტოკორონარული შუნტირებისა და პერკუტანური ტრანსლუმინური კორონარული ანგიოპლასტიკის პერიოდში

 თ. გეგენავა, გ. ქავთარაძე
თსსუ-ის
შინაგანი მედიცინის #1 კათედრა

 აორტოკორონარული შუნტირება და კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული და ეფექტური მეთოდია სწრაფად პროგრესირებადი და მედიკამენტოზური თერაპიის მიმართ რეზისტენტული გულის იშემიური დაავადების მკურნალობის დროს. მიუხედავად ოპერირებული ავადყოფების უმრავლესობის კლინიკური მონაცემების გაუმჯობესებისა, ცხოვრების ხარისხი და შრომისუნარიანობის მაჩვენებლები ბევრ მათგანში არ უმჯობესდება.

აორტო-კორონარული შუნტირების და კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკის დადებით შედეგებზე აქცენტირების გამო, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება ცვლილებები ფსიქოემოციურ სფეროში, თუმცა ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები და მისი მკურნალობისათვის მოწოდებული მეთოდები: ღია გულზე ოპერაციიები და კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა რჩება მნიშვნელოვან სტრესოგენულ ფაქტორად, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე და გამოჯანმრთელების პროცესზე [6,8,9].

ფსიქიკური სფეროს პათოლოგია მნიშვნელოვნადაა გავრცელებული იმ პაციენტებში, რომელთაც უნდა ჩაუტარდეთ აორტო-კორონარული შუნტირება ან კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა ან უკვე ჩაუტარდათ ზემოთ აღნიშნული ოპერაცია [5,7]. გულის იშემიური დაავადების და დეპრესიის ურთიერთქმედება შესაძლოა განხორციელდეს რამდენიმე მექანიზმით [3].

პირველ მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ დეპრესიით დაავადებულებს აღენიშნებათ ყველა ის რისკ ფაქტორი, რომელიც დამახასიათებელია გულის იშემიური დაავადებისათვის. ისინი უფრო მეტად არიან მწეველები და როგორც ჩანს ნაკლებად ღებულობენ მედიკამენტებს.Aასევე ცნობილია, რომ დეპრესიულ პირებს ნაკლებად აქვთ სოციალური მხარდაჭერა.

მეორე მექანიზმი მდგომარეობს იმაში, რომ დეპრესია და გულის იშემიური დაავადება დაკავშირებულია ერთმანეთთან ბიოლოგიური მექანიზმით. როგორც აღმოჩნდა, დეპრესიით დაავადებულებს მომატებული აქვთ კორტიზოლის რაოდენობა, რომელიც არის სტრესის მედიატორი, ასევე მათ სისხლში აღენიშნებათ მომატებული ნორადრენალინის რაოდენობა, რომელსაც შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა და გულის შეკუმშვის სიხშირე. გულის შეკუმშვის სიხშირის ცვლილება დაკავშირებულია სიმპათიკურ-პარასიმპათიკური ბალანსის დარღვევასთან, რომელსაც შეუძლია გააღრმავოს არითმია და გახდეს მიზეზი უეცარი სიკვდილის განვითარების.

თუ გავითვალისწინებთ ხასიათის აშლილობის და შფოთვითი აშლილობის კომორბიდიზმს, არ იქნება გასაკვირი, თუკი აღმოვაჩენთ ურთიერთდამოკი-დებულებას შფოთვით აშლილობასა და გულის იშემიურ დაავადებას შორის [10]. ფსიქიკური სფეროს პათოლოგია პრეოპერაციულ პერიოდში, არის მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი პრედიქტორი არაკეთილსაიმედო პროგნოზისა პოსტოპერაციულ პერიოდში.

კლინიკურ კარდიოლოგიაში ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს განწყობის ტიპების გამოვლენას, ვინაიდან ის თამაშობს მნიშვნელოვან როლს გულის იშემიური დაავადების განვითარებაში და გვევლინება ერთ-ერთ მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად [4].

გულის იშემიით დაავადებულთა ფსიქიკური სფეროს ცვლილებების კორექცია არის მეორადი პროფილაქტიკის საგანი, თუმცა ის შესაძლოა განხორციელდეს პირველადი პროფილაქტიკის სახითაც, როცა გულის იშემიური დაავადების დიაგნოზი უკვე დასმულია და ფსიქიკური სფეროს პათოლოგიაც იდენტიფიცირებულია.

კვლევის მიზანი: ჩვენი კვლევის მიზანია დეპრესიის, შფოთვისა და ფიქსირებული განწყობის ტიპების გამოვლენა კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკის და აორტო-კორონარული შუნტირების პერიოდში.

მასალა და მეთოდები: Dდეპრესია და შფოთვა ანგიოპლასტიკის განხორციელების პერიოდში ჩვენ შევისწავლეთ 70 პაციენტში (n=70), აორტოკორონარული შუნტირების ჩატარებისას კი 52 პაციენტში (n=50), რაც შეეხება ფიქსირებულ განწყობას, ის შევისწავლეთ ორივე ჯგუფიდან 50 პაციენტში (n=50). დეპრესიის შესაფასებლად გამოვიყენეთ ბეკის დეპრესიის შესაფასებელი კითხვარი (Beck depression scale) [1].

შფოთვითი სინდრომის გამოსავლენად გამოვიყვანეთ სპილბერგერის შფოთვის შესაფასებელი კითხვარი (Spilberger Anxiety Disorder Scale) [2], კონკრეტულად კი მისი პიროვნული შფოთვის შესაფასებელი ნაწილი. რაც შეეხება ანგიოპლასტიკას და აორტო-კორონარული შუნტირების ჩატარების აუცილებლობას, ის განისაზღვრა კორონარული სისხლძარღვების ანგიოგრაფიით და გამოვლინდა კორონარული სისხლძარღვების ოკლუზიის მაღალი ხარისხი არანაკლებ 3 სისხლძარღვში (75-დან 100%-მდე). მიღებული შედეგების სტატისტიკური დამუშავება განხორციელდა პროგრამა STA­TISTICA/w5.0 პროგრამით.

შედეგები და მათი ანალიზი: ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ გამოკვლეული 70 პაციენტიდან, რომელთაც ჩაუტარდათ კორონარული სისხლძარღვების ანგიოპლასტიკა დეპრესია არ აღმოაჩნდა 14 პაციენტს (20%), მსუბუქი ფორმით გამოიხატა 33 პაციენტში (41,14%), საშუალო და მძიმე ხარისხით კი 23 პაციენტში (32,85%) (დიაგრამა #1).

პიროვნული შფოთვა ამ ჯგუფში დაბალი ხარისხით გამოვლინდა 4 პაციენტში (5,71%), საშუალო სიმძიმით - 28 პაციენტში (40%), მაღალი ხარისხით კი - 38 პაციენტში (54,28%) (დიაგრამა #2).

გამოკვლეული 52 პაციენტიდან, რომელთაც ჩაუტარდათ აორტო-კორონარული შუნტირების ოპერაცია, დეპრესია არ გამოვლინდა 8 პაციენტში (15,38%), მსუბუქი ხარისხით გამოვლინდა 34 პაციენტში (65,38%), მძიმე ხარისხით კი - 10 პაციენტში (19,2%). პიროვნული შფოთვა ამ ჯგუფში არ გამოვლინდა 2 პაციენტში (3,84%), საშუალო ხარისხით - 30 პაციენტში (57,69%), მაღალი ხარისხით - 20 ავადმყოფში (38,46%).

გამოკვლეული 50 პაციენტიდან ფიქსირებული განწყობის პლასტიკურ დინამიური ტიპი გამოვლინდა 6 პაციენტში (12%), დინამიური ტიპი შიდა ვარიაბელობით - 18 პაციენტში (36%), ტლანქად დინამიური - 3 პაციენტში(6%), პლასტიკურ-სტატიკური - 10-ში (20%), სუსტი სტაბილური - 28 (56%), საშუალო სტაბილური - 9 (18%), სუსტი ლაბილური - 7 (14%), ვარიაბელურ ლაბილური - 2 (4%). ხასიათის სტაბილურობა და სისუსტე გამოიყო ძირითადი ჯგუფების შიგნით (დიაგრამა #3).

 

 

 

 

 

 

 

  

დიაგრამა 1. დეპრესიის ავრცელება ანგიოპლასტიკის და აორტო-კორონარული შუნტირების პერიოდში

 

 

 

 

 

 

 

დიაგრამა 2. პიროვნული შფოთვა ანგიოპლასტიკის და აორტო-კორონარული შუნტირების პერიოდში

  

 

 

 

 

 

 

 დიაგრამა 3. ფიქსირებული განწყობა

ამრიგად, ჩვენი კვლევიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხშირად ფსიქიკური სფეროს პათოლოგია იმდენადაა გამოხატული გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის დროს, რომ საჭიროებს უფრო მეტ ყურადღებას, ვიდრე საკუთრივ სომატური პათოლოგია.

 ლიტერატურა:            

1.      А.Е. Ерман. Возможности приминения нового антидепресанта Тианептина у пациентов желу­дочкового нарушениями ритма неишемического генеза.Вестник аритмологии 2001 №21

2.      Б.В.Михаиловю, А.И. Седюк .В. А. Федосеев Фсихотерапия обшесоматический медицине. ISSN 1815-8420

3.      Ad Appels, PhD, Frits W.Bar, MD, JimBar, Ma, Caterine Brugeman, PhD and Marc de Baets, MD//Inflammation, depreeive symptomatology, and coronary artery disease// Psychosomatic Medicine 2000 N 62: P 601-605

4.      Bush DE, Zlegelstetn RC, Tayback M et al.// Even minimal symptoms of Depression increase mortality risk after acute myocardial infarction.//Am J. Cardiol 2001: N88 P337-41

5.      Druss BG, Bradford DW, rozenhek RA, Radford MJ, Krumholz HM,// Mental disorders and use of cardiovascular procedures after myocardial infarction.// JAMA 2000; N283; P506-11

6.      Ingrid Connerney, Peter A Shapiro, Joseph S Mclaughlin, Emilia Bagiella, Richard P sloan..// Relation between depression after coronary artery bypass surgery and 12- month outcome :a prospective study. // Lancet 2001; N358; P1766-71

7.      Mark D. MD,PHD, Andrea Z. LaCroix, Phd, John. A. Spertus, MD.MPH, Julia Hecht, PHD, MPH and Joan Russo,PHD. // Depression Predicts Revascularization Procedures for 5 Yars After Coronary Angiography // Psychosomatic medicine 2003 N 65: P229-236

8.      Michael J. Zellweger, Remo H. Osterwalder, Wolf Langewitz, Matthias E. Pfisteres // Coronary artery disease and depression // European Heart Journal 2004; N 25 P3-9.

9.      Connor CM, Curbel PA, SerbruarryVL// Depression and ischemic heart disease// Am Heart J 2000, N140; P 63-9

10.  Pignay-Demarta V, Lesperance F, Demarta RG et al, //Depression and Anxiety and outcomes of coronary artery bypass surgery//Ann Thorac Surg 2003;N75; P.314-21.

11.  Г.В Кавтарадзе. Патологические и клинические аспекты ищемической болезни сердца и гипертонической болезни в свете психоадаптационных и характеро­логи­ческих особенностей больных (автореферат).

თავფურცელი