|
გუსტავ ფონ ბერგმანი
ხ.
პაჭკორია, ე. ადამია, ნ. კეკელიძე, ანდრ.
მაჭავარიანი |
|
ნახევარი საუკუნის წინ მიუნხენში გარდაიცვალა შინაგანი მედიცინის უკანასკნელი გერმანელი მნათობი გუსტავ ფონ ბერგმანი. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა შეუძლებელია განვიხილოთ სახელოვანი მამის, ერნსტ ფონ ბერგმანის ბიოგრაფიის მოკლედ გაცნობის გარეშე. იგი თეოდორ ბილროტის გარდაცვალების შემდეგ აღიარებული იყო ევროპული ქირურგიის ბელადად. ერნსტ ფონ ბერგმანს ხშირად ლისტერის გევრდით აყენებენ. თუ ლისტერმა შემოიღო ანტისეპტიკის მეთოდი, ე. ბერგმანს ეკუთვნის ასეპტიკის მეთოდის შემოტანა ქირურგიაში. ერნსტ ფონ ბერგმანი დაიბადა 1836 წელს რიგაში, გერმანელი პასტორის ოჯახში. უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო დერპტის (დღევანდელი ტარტუს) უნივერსიტეტში. 34 წლის ასაკში გახდა პროფესორი და ქირურგიული კლინიკის დირექტორი. თავი გამოიჩინა როგორც სამხედრო ქირურგმა პრუსია-საფრანგეთის ომში. მიანიჭეს გენერლის წოდება. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომში მიწვეული იყო კონსულტანტად. პირველად დანერგა საომარ ველზე ანტისეპტიკის მეთოდი, დიდი წარმატებით მკურნალობდა თავის ტრავმებს (უპირატესად ცეცხლსასროლი იარაღებით გამოწვეულს). დიორპტის (ტარტუს) უნივერსიტეტის ქირურგიული კლინიკის დირექტორს ერნსტ ფონ ბერგმანს სურდა მუშაობა განეგრძო პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიის ქირურგიულ კლინიკაში, მაგრამ მოხდა დიდი უსამართლობა: კონკურსით ქირურგიული კლინიკის დირექტორის თანამდებობაზე გააშავეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგის ე. ბერგმანის კანდიდატურა და აირჩიეს საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის რუსი ქირურგი პ.ს. კოლომნინი. ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების მიღებაში დიდი ,,ღვაწლი” მიუძღვით სამხედრო-სამედიცინო აკადემიის შოვინისტ, სლავიანოფილ პროფესურას. მიუხედავად ამისა, ერნსტ ბერგმანს ძვირი არ ჩაუდია გულში და ყოველთვის რუსეთის ქირურგიული სკოლის კერძოდ, მისი ლიდერის ნ. პიროგოვის პატივმცემელი იყო. 1878 წელს გადავიდა საუნივერსიტეტო ქალაქ ვიურცბურგში, სადაც დასნებოვნდა ენის წითელი ქარით. სამწუხაროდ, ავადმყოფობა გართულდა ფილტვის ემბოლიით, პლევრიტით. 10 თვის განმავლობაში ერნსტ ფონ ბერგმანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. ვიურცბრურგში ახლად გადმოსულ ქირურგს არავინ ამოუდგა გვერდით. დასტაქარის მძიმე მდგომარეობა შეიტყვეს პეტერბურგში. სამხედროებმა მადლიერების ნიშნად ფული გაუგზავნეს ბერგმანის ოჯახს. დახმარებამ სულზე მოუსწრო. იმ დროს, როცა ერნსტ ფონ ბერგმანი სიკვდილს ებრძოდა, 1878 წლის 24 დეკემბერს დაიბადა გუსტავი. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა – ოჯახის მამა განიკურნა და მხოლოდ ამის შემდეგ ნახა რამდენიმე თვის ჩვილი. პატარა გუსტავს ვიურცბურგის პერიოდი არ ახსოვს, რადგან მალე ოჯახი ბერლინში გადაბარგდა საცხოვრებლად. 1882 წელს საუნივერსიტეტო ქირურგიული კლინიკის დირექტორის თანამდებობიდან მოხუცებულობის გამო გადადგა ლანგებეკი. მისი სურვილი იყო ბილროტს დაეკავებინა ეს საპატიო პოსტი. ბილროტმა ვენის დატოვებაზე უარი განაცხადა. საბოლოოდ, მრავალრიცხოვან კანდიდატებს შორის უნივერსიტეტის გამგეობამ და ლანგერბერკმა ქირურგიული კლინიკის დირექტორად აირჩიეს პროვინციელი ქირურგი ერნსტ ფონ ბერგმანი. მას თეოდორ ბილროტის ტოლფას ქირურგად თვლიდნენ. ევროპელი ქირურგიის ბელადის სახელი ერთხმად მიაკუთვნეს ერნსტ ფონ ბერგმანს. პატარა გუსტავი ადრეულ ბავშვობაშივე ხედავდა სახელოვანი მამის საქმიანობას, რითაც იგი უზომოდ ამაყობდა. უფროსი ბერგმანი დილის 6 საათზე უკვე კლინიკაში იყო. ჯერ პათანატომიის განყოფილებაში 2 საათს გვამებზე ხვეწდა ოპერაციულ ტექნიკას. 8 საათიდან გვიან ღამემდე რჩებოდა კლინიკაში, აკეთებდა უამრავ ოპერაციას, შემოვლებს, სინჯავდა ავადმყოფებს, კითხულობდა ლექციებს. ერნსტ ფონ ბერგმანი მეტად წარმოსადეგი კაცი ყოფილა, მაღალი, კეთილაღნაგი, არწივის ცხვირით, ჭკვიანი თვალებით, მეტად დიდებულ შთაბეჭდილებას ახდენდა ადამიანებზე. ბრწყინვალე ოპერატორი, უბადლო კლინიცისტი, დიდებული ენამჭევრი მეტად გულისხმიერი ადამიანი ყოფილა. მას არ დაავიწყდა რუსეთიდან მიღებული ფულადი დახმარება, როცა იგი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. მადლიერმა ბერგმანმა თავის კლინიკაში აღზარდა რუსი ქირურგები – ტიხოვი, კრასინი, ბოგოლიუბოვი, ენისინი, რაზუმოვსკი და სხვები. 1892 წელს, როცა რუსეთში შიმშილობა დაიწყო, მან დამშეულებს ფული, საკვები და ტანსაცმელი გაუგზავნა. პატარა გუსტავი სახელოვანი მამის მაგალითზე იზრდებოდა. იგი შევიდა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, სწავლა განაგრძო მიუნჰენში, ბონში, სტრასბურგში. მან თავიდანვე უარი თქვა ქირურგობაზე. 1902 წელს ბაზელში ფრიდრიხ ფონ მიულეთან იმუშავა - ასისტენტად. 1903 წ. ცნობილ ჰოფმეისტერის ხელმძღვანელობით დაიცვა სადოქტორი დისერტაცია თემაზე: ,,ცისტინის გარდაქმნა ტაურინად ცხოველის ორგანიზმში”. იმავე წელს გუსტავ ფონ ბერგმანი ასისტენტად მიიწვია ბერლინის შარიტეს II კლინიკის დირექტორმა ფრიდრიხ კრაუსმა. თითქმის იმავე დროს, იქვე მუშაობას იწყებს თეოდორ ბრუგშიც – გუსტავ ფონ ბერგმანის კონგენიალური მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ეს 2 ასისტენტი დროთა განმავლობაში გახდნენ კრაუსის საუკეთესო მოწაფეები. მათი გზები, სამწუხაროდ, არაერთხელ გადაიკვეთნენ. ამის მიუხედავად, ბერგმანი და ბრუგში ერთმანეთს პატივისცემით ეპყრობოდნენ და კლინიკური მასწავლებლის პატივისცემით, უკეთურებს მითქმა-მოთქმის საბაბს არ აძლევდნენ. გ. ბერგმანმა თავდაპირველად შეისწავლა ნივთიერებათა ცვლის საკითხები სიმსუქნის დროს. 1906 წელს იგი სამეცნიერო მივლინებით იყო მაინის ფრანკფურტში პაულ ერლიხთან, პარიზში – ლავერანთან, მეჩნიკოვთან და ვიდალთან. 1907 წლის 23 მარტს მამას, ერნსტ ბერგმანს ნაწლავთა გაუვალობის გამო გაუკეთდა ოპერაცია, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. სახელოვანი მამის გარდაცვალებამ მეტად მძიმედ იმოქმედა გუსტავზე. დიდი მწუხარება მან გაძლიერებული მუშაობით გადალახა. გერჰარდ კაჩთან და გულეკესთან ერთად შექმნა მწვავე პაკრეატიტის ექსპერიმენტული მოდელი ძაღლზე. მან ნათლად აჩვენა ნაღვლის მასტიმულირებელი როლი პანკრეასის ფერმენტებზე, რასაც მოჰყვებოდა კუჭუკანა ჯირკვლის თვითმონელება. 1908 წელს გუსტავ ფონ ბერგმანს ირჩევენ პრივატ-დოცენტად, ხოლო 1910 წელს ორდინარულ პროფესორად. ამ დროიდან გუსტავ ფონ ბერგმანი თანდათან ,,შორდება” კლინიკური მასწავლებლის კრაუსის ხაზს. მან გადაწყვიტა ამიერიდან მთავარი ყურადღება დაეთმო ფართოდ გავრცელებულ დაავადებებზე, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე, ე.წ. იშვიათი დაავადებები. იმის გამო, რომ კრაუსი უფრო გატაცებული იყო რარიტეტული დაავადებებით, ბერგმანს უტაქტოდ მიაჩნდა მის კლინიკაში დარჩენილიყო. მან გადაწყვიტა დამოუკიდებელ კლინიკაში გადასვლა, რაც მალე შეძლო კიდეც. 1912 წელს გუსტავ ფონ ბერგმანი აირჩიეს ჰამბურგ-ალტონას საავადმყოფოს მთვარ ექიმად. აქ მან 4 წელი იმუშავა. გამოცდილი კლინიცისტი, გ. ბერგმანი ამჩნევდა ფუნქციურ კავშირებს სომატურ დაავადებათა და ფსიქიურ ფაქტორებს შორის. იგი მეტად განათლებული იყო არამარტო მედიცინაში, არამედ ისტორიაში, ფილოსოფიაში. მას გონებაში ჩაებეჭდა პლატონის დიალოგი ,,ჰარმიდში” - ,,უდიდესი შეცდომაა, როცა ცალ-ცალკე არიან ხორცის ექიმები და სულის ექიმები, მაშინ, როცა ხორცი და სული განუყოფელია~. ამიერიდან უდიდესი ბერძენი ფილოსოფოსის ეს სიტყვები გახდა დედაღერძი გუსტავ ფონ ბერგმანის ცხოვრებაში. იგი გვევლინება ფსიქოსომატური მედიცინის ერთ-ერთ ფუძემდებლად და კანონმდებლად. 1916 წელს გ. ბერგმანი გადაჰყავთ მარბურგის თერაპიული კლინიკის დირექტორად, სადაც დაჰყო 1927 წლამდე. იმ დროს შარიტეს II კლინიკის დირექტორი კრაუსი მოხუცებულობის გამო გადადგა დირექტორის თანამდებობიდან. ყველას ეგონა, რომ ამ ადგილს დაიკავებდა კრაუსის ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე თეოდორ ბრუგში. კრაუსის ადგილზე პრეტენზია განაცხადა გუსტავ ფონ ბერგმანმაც. ბერლინის უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ უპირატესობა მიანიჭა არა თეოდორ ბრუგს, არამედ მარბურგის თერაპიული კლინიკის დირექტორს, გუსტავ ფონ ბერგმანს. ეს არჩევანი განაპირობა ბერგმანის წარმოშობამ და პიროვნულმა ,,ქარიზმამ”. გულდაწყვეტილი თეოდორ ბრუგში ვერ შეურიგდა ,,დამარცხებას” და მალე ჰალეს უნივერსიტეტში გადავიდა, სადაც მიიღო თერაპიული კათედრა. გ. ბერგმანმა შარიტეს კლინიკას დიდი სახელი შეჰმატა. როგორც კლინიცისტი იგი უბადლო იყო. ბრწყინვალე ლექტორი კვირაში სულ ცოტა 8 ლექციას კითხულობდა. დაუმატეთ ამას კლინიკური შემოვლები, ამბულატორიული გასინჯვები, კონსულტაციები და სხვა. მეცნიერებაში გ. ბერგმანმა ღრმა, წარუშლელი კვალი გაავლო. იგი მეტად ნაყოფიერად ამუშავებდა ფსიქომატური მედიცინის საკითხებს. ახლებურად გააშუქა ,,ხორცის და სხეულის” ერთიანობის საკითხები ნაწლავების, კუჭის, პანკრეასის დაავადების დროს. ახლებური იყო მისი მიდგომა ჰიპერტონიების, გულის უკმარისობების, კონსტიტუციების შესწავლის საქმეში გ. ბერგმანმა გამოსცა 2-ტომიანი შინაგან დაავადებათა სახელმძღვანელო, რომე¬ლიც საუკეთესო იყო მსოფლიოში. მანვე გამოსცა ,,ფიზიოლოგიის და პათოლოგიური ფიზიოლოგიის ცნობარი”. ყველაზე დიდი სახელი გ. ბერგმანს მოუტანა უჩვეულო წიგნმა ,,ფუნქციური პათოლოგია”. ეს წიგნი თავისი მნიშვნელობით შეიძლება შევადაროთ მორგანის, ვირხოვის, ლაენეკის და სელიეს მთავარ ნაწერებს. გუსტავ ფონ ბერგმანი ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი იყო. მამასავით წარმოსადეგი, არწივის ცხვირით, არისტოკრატიული, მტკიცე და ამავე დროს ინტელიგენტური იერსახით იგი წარუშლელ შტაბეჭდილებას ახდენდა ავადმყოფებზე, კოლეგებზე, სტუდენტებზე, მრეწველებზე, მეფეებზე, პრეზიდენტებზე და სხვა ,,დიდკაცებზე”. მას ხშირად იწვევდნენ საკონსულტაციოდ სხვა ქვეყნებში, ლექციების წასაკითხად, კონფერენციებზე, კონგრესებზე და სხვა. მამასავით ჰუმანური გუსტავ ბერგმანი განსაკუთრებით თბილად ავადმყოფებს ეპყრობოდა. ,,ნუ დაგენანება დრო ავადმყოფი ადამიანისათვის” - ამ კეთილშობილური დევიზით მუშაობდა იგი. გოეთეს დარად პოლიტიკაში გ. ბერგმანი ჩაურევლობის პრინციპებს იცავდა. პოეტი, ხელოვანი, მეცნიერი და ექიმი პოლიტიკაში არ უნდა ჩაერიოს – მან თავისი საქმე უნდა აკეთოს – ხშირად იმეორებდა ბერგმანი. ბერგმანის ურთიერთობა გერმანელი ნაცისტების ფიურერთან ადოლფ ჰიტლერთან ვერ აეწყო. ცნობილია რომ ნაცისტების ბელადი მძიმე, ფსიქოპატი პიროვნება იყო, მას ხშირად აწუხებდა ე.წ. ფსიქოსომატიური დაავადებები, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის კოლიკები, მეტეორიზმი, დიარეა, არტერიული ჰიპერტონია და სხვა. ყოფილა შემთხვევა როცა დიქტატორის მუცელი ისეთ ხმაურს გამოსცემდა ხოლმე, რომ უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა არა მარტო მას, არამედ მასთან სათათბიროდ მოსულ უმაღლესი თანამდებობების ნაცისტებს და გენერლებს. ერთხელ ჰიტლერს ფეხზე ეგზემა გაუჩნდა, რის გამოც ფეხზე ჩექმას ვერ იცვამდა. პირველ რიგში მოიწვიეს გერმანიის საუკეთესო კლინიცისტი გუსტავ ფონ ბერგმანი, რომელმაც მკაცრი დიეტა (პურის ორცხობილა და ჩაი) დაუნიშნა, მაგრამ ფიურერი მკურნალობით უკმაყოფილო დარჩა. ჰიტლერმა დემონსტრაციულად სხვა ექიმთან დაიწყო მკურნალობა, რომელმაც თითქოს უკეთ უმკურნალა ისტერიულ დიქტატორს. ბერგმანი განაშორეს ჰიტლერის მკურნალობის საქმეს, რითაც ის ძალიან კმაყოფილი იყო, რადგან ფსიქოპატის მკურნალობა მის ძალ-ღონეს აღემატებოდა. ბერგმანი შემდეგ ხშირად წერდა, რომ ექიმი უნდა ერიდოს ხელისუფალთა მკურნალობას, განსაკუთრებით თუ ისინი ფსიქოპატებიც არიან. ექიმი არ უნდა გაერიოს პოლიტიკაში და არ იყოს მაამებელი ,,ამა ქვეყნის ძლიერთა” მიმართ, მაგრამ არც გაანაწყენოს ისინი, რადგან მათ შეუძლიათ მისი დასჯა. სამწუხაროდ, ასეთი ,,ჩაურევლობის პოლიტიკა” გუსტავ ბერგმანს არ მოუწონეს კოლეგებმა. აღსანიშნავია, რომ თეოდორ ბრუგში ნაცისტების გაბატონებისთანავე (1933წ.) განეწყო მათ წინააღმდეგ. იგი ლანძღავდა ჰიტლერს და მის თანამოაზრეებს. რაც შეეხება გ. ბერგმანს, იგი არც ლანძღავდა და არც აქებდა ნაცისტებს. სანამ უშუალო საფრთხე არ შეექმნა შარიტეს კლინიკას, მანამდე ხმა არ ამოიღო. მისი ,,პროტესტიც” საკმაოდ რბილი იყო. გ. ბერგმანს ხშირად აკრიტიკებდნენ გდრ-ში იმის გამო, რომ მან შარიტეს ებრაელი ექიმები არ (თუ ვერ) დაიცვა ნაცისტების ძალადობისაგან. აღსანიშნავია, რომ მაშინ შარიტეს კლინიკაში 27%-ზე მეტი ებრაელი ექიმი მუშაობდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი ექიმი-ებრაელი არ დაუპატიმრებიათ გ. ბერგმანის დაბეზღებით. უბრალოდ მას ,,მოქალაქეობრივი სიმამაცე” აკლდა. 1945 წელს ნაციზმის დამარცხების შემდეგ ბერგმანი აგრძელებდა მუშაობას შარიტეს კლინიკაში. მან მეტად მძიმედ განიცადა ბერლინის დანგრევა და საბჭოური საოკუპაციო რეჟიმის დამყარება. მართალია საბჭოთა სამხედრო ხელისუფლებამ ბერგმანი არ გადააყენა თანამდებობიდან და შესთავაზა გაეგრძელებინა მუშაობა, დაუწესა საზრდელი, მისცა ბინა, მაღალი ხელფასი და სხვა მატერიალური სიკეთე. ამის მიუხედავად გ. ბერგმანმა 1946 წელს დასტოვა ბერლინი და მიუნჰენში გადაბარგდა, სადაც მიიღო თერაპიული კლინიკა. აქ მან სიკვდილამდე, 1955 წლამდე დაჰყო. მიუნჰენში გ. ბერგმანმა დაწერა ,,ფუნქციური ბიოლოგია” და შინაგან სხეულებათა სახელმძღვანელო. მანვე დაწერა მოგონებები. იგი განსაკუთრებით გამოჰყოფდა მამას – ერნსტ ფონ ბერგმანს, კლინიკურ მასწავლებელ ფრიდრიხ ფონ კრაუსს და სხვებს. გუსტავ ფონ ბერგმანი აღფრთოვანებით სწერდა შიგანაგანი მედიცინის ოქროს ხანაზე გერმანიაში, რომლის შემზადებაში მას ფრიდრიხ კრაუსთან და თეოდორ ბრუგშთან ერთად ლომის წილი ჰქონდა დადებული. ასევე გულდაწყვეტილი წერდა გერმანული ერის დაცემაზე, ქვეყნის გაპარტახებაზე, მედიცინის დაკნინებაზე. ამის მიუხედავად იგი მხნეობით იყო აღსავსე და წინასწარმეტყველებდა ქვეყნის აღდგენას ფერფლიდან და გერმანული შინაგანი მედიცინის ძველებური დიდების დაბრუნებას.
გუსტავ ბერგმანი და ქართველი ექიმები
დიდი გერმანელი კლინიცისტის გუსტავ ფონ ბერგმანის სახელი კარგად იყო ცნობილი მსოფლიოში და საქართველოშიც. მას პირადად იცნობდა საქართველოში თერაპიული დისციპლინის ფუძემდებელი სპირიდონ ვირსალაძე. ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ინტერნისტთა კონგრესებზე. გუსტავ ფონ ბერგმანის ნაწერებს კარგად იცნობდნენ და დიდ პატივს მიაგებდნენ შინაგანი მედიცინის ქართველი დიდოსტატები ალექსანდრე ალადაშვილი, შალვა მიქელაძე, ნიკოლოზ ყიფშიძე, ნიკოლოზ მახვილაძე, გ. დიდებულიძე, იოსებ პარმა, ალექსანდრე კანდელაკი და სხვები. განსაკუთრებულ ცნობისწადილს აღძრავს გუსტავ ფონ ბერგმანის ურთიერთობა უდიდეს ქართველ თერაპევტთან და კარდიოლოგთან მიხეილ წინამძღვრიშვილთან. მეცნიერების ისტორიის პარიზის საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ვახტანგ პარკაძემ დაგვიტოვა უნიკალური ჩანაწერები ამ ორი გენიალური კლინიცისტის შეხვედრის შესახებ (აღსანიშნავია, რომ ბატონ მიხეილს ამის შესახებ არავისთვის არ უამბნია!) 1936 წელს ლენინგრადში, საკონსულტაციოდ ჩამოსულან გ. ბერგმანის კლინიკის ორი პროფესორი. მათ უამბნიათ რუსი კოლეგებისათვის პროფესორ მიხეილ წინამძღვრიშვილის შესახებ. გერმანელი პროფესორი ასე იგონებდა ამ შეხვედრას: "...1927-28 სასწავლო წელს, ბერლინში, შარიტეს კლინიკაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად იმყოფებოდა პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი. მაშინ იგი 45 წლისა იყო, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, შინაგანი მედიცინის პროპედევტიკის კათედრის გამგე. შარიტეს II თერაპიული კლინიკის დირექტორს. გ. ბერგმანს უცნაური წესი ჰქონია შემოღებული: უცხოეთიდან მოვლინებულ ექიმს ერთ რომელიმე პალატის ავადმყოფებს გაასინჯებდა და დიაგნოზის დასმას მოსთხოვდა. მერე ამ დიაგნოზს საკუთარს შეადარებდა და ამის შემდეგ გამოჰქონდა დასკვნა მივლინებით ჩამოსულ ექიმის აკადემიური და პრაქტიკული მომზადების შესახებ. შეფი მიხეილ წინამძღვრიშვილსაც ასე მოექცა, მაგრამ მან უპასუხა. მე ჯერ ავადმყოფის ისტორია უნდა გავეცნო, ავადმყოფის მდგომარეობა უნდა შევისწავლო და დიაგნოზს მხოლოდ ამის შემდეგ დავსვამო. შეფს წინამძღვრიშვილის პასუხი მოეწონა, ვადა მისცა, ერთი პალატა ჩააბარა, იმ ორდინატორის გვარიც დაუსახელა, ვისთვისაც მიხეილს უნდა მიემართა საჭირო შემთხვევაში და ამით ერთმანეთს დაშორდნენ. დანიშნულ დღეს პალატაში შემოვიდა შეფი ექიმების თანხლებით. ბატონმა მიხეილმა ყველა ავადმყოფის დიაგნოზი მოახსენა, შეფმა არაფერი თქვა. რაღაც ეჭვის თვალით კი გადახედა ყველა იქ მყოფთ. ამის შემდეგ ექიმები სხვა პალატებში გადაიყვანა და იმ ავადმყოფთან შეჩერდა, რომელიც იმ დილით მოეთავსებინათ კლინიკაში და რომელიც თავად ჯერ არ გაესინჯა. მან ბატონ მიხეილს მიმართა: მე ვიცი თქვენი ჩვეულება, რომ ავადმყოფობის ისტორიის შესწავლისა და ავადმყოფთან გასაუბრების გარეშე მას არ სინჯავთ, მაგრამ ისე ჩათვალეთ, რომ ეს ესტრაორდინარული შემთხვევაა. ეს ავადმყოფი მე თვითონაც არ გამისინჯავს ჯერ. ბატონი მიხეილი იძულებული იყო შეფის მოთხოვნა შეესრულებინა. დაიწყო ავადმყოფის გასინჯვა, რომელიც ზუსტად 45 წუთს გაგრძელდა. შეფი არამარტო ითმენდა, არამედ წინამძღვრიშვილის ყოველ მოძრაობას დაძაბულად ადევნებდა თვალყურს. ბოლოს ბატონი მიხეილის დიაგნოზი მოისმინა. ამჯერად შეფი მართლაც ვერაფერს იტყოდა, რადგან ავადმყოფი მანამდე არავის გაუსინჯია. ერთი საათის შემდეგ შეფი მარტო შევიდა იმ ავადმყოფთან და საფუძვლიანად გასინჯა. ორ დღეში კლინიკის ყველა ექიმისა და გარედან მოწვეული სპეციალისტების თანდასწრებით გ. ბერგმანმა განაცხადა: საქართველოდან კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩვენს კლინიკაში მოავლინეს პროფესორი მიხეილ წინამძღვრიშვილი. მე მას დავავალე ერთი პალატის ავადმყოფისათვის დიაგნოზის დასმა. მან მიპასუხა, რომ ამის გაკეთებას შეძლებს ავადმყოფის ისტორიებისა და თვით ავადმყოფების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ. დანიშნულ დღეს მან საჯაროდ მოგვახსენა თავის დიაგნოზები. ყველა მათგანი დაემთხვა კლინიკის დიაგნოზებს. დავეჭვდი, იქნებ ჩვენი ექიმები დაეხმარნენ-მეთქი და მივიყვანე ავადმყოფთან, რომელიც იმ დილით იყო მიღებული და ჯერ არავის არ გაესინჯა. ჰერ წინამძღვრიშვილმა 45 წუთი მოანდომა გასინჯვას და ამის ჯერ მე გავსინჯე ეს ავადმყოფი, შემდეგ პალატის ექიმმაც. მოხდა სასწაული: ჩვენი დიაგნოზები სრულიად დაემთხვა პროფესორ წინამძღვრიშვილის დიაგნოზებს. ამიტომ მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს წინაშე დგას ფენომენალური ცოდნისა და ასეთივე რანგის პრაქტიკოსი ინტერნისტი. ბედნიერია ის ერი, რომელსაც პროფესორ წინამძღვრიშვილის მსგავსი შვილები ჰყავსო – ასე დაასრულა კლინიკის დირექტორმა ჰერ წინამძღვრიშვილის შეფასება. უკვე შემდგომ, როცა კლინიკის ექიმებს გაუჭირდებოდათ, ისინი შეფთან აღარ მიდიოდნენ და ჰერ წინამძღვრიშვილს აწუხებდნენ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ კლინიკის დირექტორს გ. ბერგმანს ეს გარემოება არ შურდა. ასე დაასრულა თავისი მოგონება გერმანელმა პროფესორმა მიხეილ წინამძღვრიშვილის და გუსტავ ფონ ბერგმანის შეხვედრის შესახებ ბერლინის შარიტეს კლინიკაში. |
|
|